English / ქართული / русский /
ნაირა ვირსალაძე
ქრისტიანული მოძღვრება სახელმრიფოს და ოჯახის კეთილდღეობის სამსახურში

ანოტაცია

კვლევამ დაგვანახა, რომ რელიგია ყოველთვის არის სახელმწიფოსა და ოჯახის კეთილდღეობის სამსახურში და ღრმა დაინტერესებას იჩენსსაზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების მიმართ. სტატიაში დასმულია საკითხი, შესაძლებელია თუ არა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანთა დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისაკენ შეუთავსდეს ზნეობრივ იმპერატივებს, სარწმუნოების მოთხოვნებს? რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. რაც უფრო მეტად რელიგიური იქნება საზოგადოება, თითოეული ადამიანი, ის შეძლებს გაუძლოს ყოველგვარ ცდუნება, ცხოვრებისეული სწორი გზით იაროს, იყოს ზომიერი  ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

საკვანძო სიტყვები:  ქრისტიანული სარწმუნოება,  სახელმწიფო, ოჯახი,  სოციალური პრობლემები, კეთილდღეობა.

***

ყველა რელიგია და  მათ შორის ქრისტიანულიც, საზოგადოებაში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მათგან  ერთ-ერთი   სოციალური ფუნქციაა. რელიგია  ღრმა დაინტერესებას იჩენს საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების მიმართ.  რწმენისა და რელიგიური გრძნობების საშუალებით იგი ქმედით ზეგავლენას ახდენს როგორც თითოეულ ადამიანზე, ისე  საზოგადოებაზე, ხელს უწყობს მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას, ცხოვრების გასაზრისებას. რელიგიურ გულმოდგინებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს  საზოგადოება. რელიგიური რწმენა დაკავშირებულია  ცხოვრების საზრისის ძიებასთან. რელიგია არა მხოლოდ  აძლევს ,,მოკვდავს ‘’ ნუგეშისცემას, არამედ ის აძლევს აზრს და სხვა  ასპექტებს ადამიანურ  ცხოვრებას. რელიგიისათვის მნიშვნელოვანია ოჯახი და მისი კეთილდღეობა. ოჯახი  საზოგადოების ის ნაწილია, სადაც საძირკველი იყრება ადამიანთა ზნეობრიობას, ეს ის სულიერი საწყისია, საიდანაც წარმოიშვნენ ერები და სახელმწიფოები. მართლმადიდებელი ადამიანებისათვის ოჯახი მცირე ეკლესიაა, თუ ის კურთხეული, ცოლქმრული სიყვარულით არის განმტკიცებული.

ისტორიის მანძილზე თითქმის ბანალურ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, რომ რელიგია თავის მნიშვნელობას დაკარგავდა ან საერთოდ გაქრებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრების უმთავრესი სფეროებიდან. აკადემიურ წრეებში მიღებული იყო აზრი, რომ მეცნიერული იდეების გავრცელების შედეგად, დავიწყებას მისცემოდა ,,წმინდისა’’ და ,,უხილავის’’ გაგება. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა. ვერც მეცნიერების სწავლებამ, ვერც დიდმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა და ვერც XX საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ვერ განდევნა  რელიგია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამ მხრივ გამონაკლისს არც  ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე წარმოადგენს. აქაც არ გამართლდა პოლიტიკოსთა და სოციოლოგთა ვარაუდი, რომ რელიგიური ფაქტორი უმნიშვნელო იქნებოდა. მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დევნისა და ათეიზმის დანერგვისა,  დანგრეული და დაცარიელებული ეკლესიების, სინაგოგების და მეჩეთებისა, პოსტკომუნისტურ ეპოქაში რელიგიას ისევ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ხედავს საკუთარ თავს ყოველგვარი რელიგიის ფარგლებს გარეთ. საქართველოში კი, სადაც 120-ზე მეტი  ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, ქვეყნის მოსახლეობის 88,6 პროცენტი ქრისტიანული აღმსარებლობისაა. მათ  შორის 3 097,6 ათ. კაცი, ანუ 83,4%, მართლმადიდებელია; ისლამის აღმსარებელია 398.7 ათ. კაცი, ანუ მოსახლეობის 10,7%, სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 109.0 ათ კაცი, ანუ  2,9%, იუდეური აღმსარებლობის - 0.1%. და ა. შ.    ქრისტიანობა, მსოფლიოში  ცნობილ ორასზე მეტი რელიგიიდან ერთ-ერთი  ძირითადია. იგი წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ. წ. I საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ქრისტიანობის მთავარი არსი გამომდინარეობს 10 მცნებიდან. ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოებაა მართლმადიდებლობა.

ქრისტიანობა, IV საუკუნიდან მოყოლებული, გადამწყვეტ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფო ცხოვრებაში. თუმცა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიული არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ საქართველოს ისტორიიდან ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას (1103 წელი) უკავშირდება. ამ კრების მთავრი მიზანი იყო ეკლესია სახელმწიფოს  გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩამდგარიყო, აღმოფხვრილიყო ის დარღვევები, რომლებიც ქართულ ეკლესიაში არსებობდა (საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა).  კრებამ მიიღო მნიშვნელოვანი დადგენილება (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა. რუის ურბნისის კრების შემდეგ ქართული ეკლესია სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა. ფაქტობრივად, ეკლესია იყო სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი რგოლი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის საკითხებში. თამარის მეფობის ხანაში და შემდგომ პერიოდებშიც იყო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირების მაგალითები. თუმცა ეს დაპირისპირება კი ყოველთვის სახელმწიფოს საზიანოდ მთავრდებოდა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა, სახელმწიფო  უხეშად ერეოდა ეკლესიის საქმიანობაში და მის გაკონტროლებას ცდილობდა.  დღეს ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი უკავია, სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე აღიარებს ეკლესიას, როგორც დამოუკიდებელ რელიგიურ ორგანიზაციას, იცავს და აწესრიგებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს. სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. გარდა ამისა, კონსტიტუციურ შეთანხმებაში არსებობს უამრავი პრივილეგია, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან შედარებით ენიჭება.

ამდენად, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა პერიოდში ეკლესიის როლი სახელმწიფოში განსხვავებული იყო. თუ ადრე ეკლესიას  დიდი როლი ენიჭებოდა სახელმწიფო მმართველობის საქმეში, დღეს ეკლესიისა და სახელმწიფოს ფუნქციები მკაცრადაა გამიჯნული. აღიარებულია ქრისტიანული რელიგიის განსაკუთრებული როლი საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუმცა იგი არ წარმოაგენს სახელმწიფო რელიგიას. საეკლესიო კანონები არ არეგულირებს სამოქალაქო თუ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს. საეკლესიო კანონები მხოლოდ ეკლესიის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა, არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა საეკლესიო კანონებსა და ქვეყანაში მიღებულ კანონებს შორის. აღნიშნული კი იმის დასტურია, რომ რელიგიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რომელიმე კონკრეტული რელიგიის წარმომადგენელია.

სახელმწიფოსთან ერთად, რელიგიისათვის მნიშვნელოვანია ოჯახი და მისი კეთილდღეობა. ოჯახი საზოგადობრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების საფუძველი და საყრდენია. ოჯახის სულიერი და მატერიალური მახასიათებლები საზოგადოებრივი პროგრესის მთავარი სოციალური კრიტერიუმებია. ოჯახის ღირსებები და კეთილდღეობა საზოგადოების ძირითადი მიზანია, მთავარია ოჯახი დაფუძნებული იყოს ადამიანურ ფასეულობებზე - ზნეობაზე, სამართლიანობაზე, ჭეშმარიტებაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე და ა. შ. ისინი მიმართულია ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ,  მათი ურთიერთობების გაკეთილშობილებისაკენ.

ოჯახის  კეთილდღეობისა და  ბედნიერების ერთ-ერთი საფუძველი მისი მატერიალური უზრუნველყოფაა. ის შედის იმ ფასეულობათა წრეში, რომელიც აუცილებელია ადამიანთა არსებობისა და განვითარებისათვის. ამასთან, მატერიალურ ფასეულობათა როლი ოჯახის  კეთილდღეობისა და ბედნიერებითვის არაა უპირობო, იგი დამოკიდებულია სხვა ადამიანურ ფასეულობებთან.  ფასეულობათა თანაფარდობა ადამიანთა ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს ჭეშმარიტი კეთილდღეობის გარანტიებში. ოჯახის კეთილდღეობისა და  ბედნიერების ფუნდამენტი მაშინაა მყარი, როცა მის საყრდენად საკაცობრიო ფასეულობები გვევლინება. ინტელექტუალური განვითარება და კულტურული პროგრესი  გვკარნახობს ადამიანურ ფასეულობათა გადაქცევას მათი მოქმედებისა და ცხოვრების პრინციპებად. მაგრამ ცხოვრების რეალობა გაცილებით რთულია. ადამიანთა ინტერესები და მათი ქცევა  რეალობაში  ძნელად შეესაბამება  იმ მოთხოვნას, რომ მატერიალური კეთილდღეობისათვის ზრუნვა თანხვედრაში იყოს ზნეობრივ და  სამართლიან ქცევასთან, სიკეთესთან.

ზნეობრივი პრინციპების დაცვა წინააღმდეგობებს აწყდება ადამიანის ცნობიერების  სიმრუდის, ასევე ინტერესების საკაცობრიო ფასეულობებთან შეჯახების გამო. ის ხშირად უბიძგებს ადამიანებს თავისივე ბუნებრივი მიდრეკილების საწინააღმდეგო ქცევისაკენ. ცნობიერების ხარვეზები, ფასეულობებში, მათ შინაარსში გაურკვევლობა იწვევს  უნებლიე არაზნეობრივ ქცევებს.

გაცნობიერებულად ადამიანთა არაზნეობრივი და არამართლზომიერი შემოქმედებები გარემოს გავლენით, როცა ისინი ეწინააღმდეგება მათსავე ბუნებას, ფართოდაა გავრცელებული. არის შემთხვევები, როცა არსებულ გარემოში შემოსავლის მიღებისა და ზოგჯერ გადარჩენის პირობაც ზნეობრივი თუ სამართლებრივი ნორმის დარღვევაა. სხვა სიტუაციაა, როცა ადამიანები თავისი მენტალიტეტით პირდაპირ ზნეობის ნორმების გამრღვევნი არიან.

კაცობრიობის ცხოვრება აღსავსეა უზნეობათა და  უსამართლობათა, ბოროტებათა გამოვლინებებით, რაც საბოლოოდ აისახება ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, უდიდესი ნაწილის კეთილდღეობაზე.

საზოგადოებისა და ოჯახის ცხოვრებაში ფასეულობითი წონასწორობის არსებობაში  დიდ როლს ასრულებს რელიგია, განსაკუთრებით მართლმადიდებლობა. იგი ნათლად მიუთითებს  ამ წონასწორობის დარღვევის შეუთავსებლობაზე ჭეშმარიტ კეთილდღეობასთან, ბედნიერებასთან, ადამიანურ ღირსებებთან.

მართლმადიდებლობა არ ეწინააღმდეგება ადამიანთა ზრუნვას მატერიალური კეთილდღეობისათვის, სიმდიდრის შეძენისა და დაგროვებისათვის. მაგრამ ეს ზრუნვა უნდა იყოს  ზნეობრივი და სიმდიდრე გამოყენებული არა მხოლოდ პირადი სიკეთისათვის, არამედ სხვისი კეთილდღეობისთვისაც. ,,ღმერთმა დაუშვა სხვაზე მეტი გქონდეს არა იმისათვის, რომ სიძვაში, მთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას ტანსაცმელსა და განცხრომის სხვა საგნებში დაგეხარჯა, არამედ იმისათვის, რომ გაჭირვებულთათვის გაგენაწილებინა‘’ (წმინდა მამები).

ქრისტიანული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს ზომიერებისაკენ. ისეთი ოჯახი, რომელსაც ახასიათებს ზომიერება ადვილად დაიკმაყოფილებს თავს და იგრძნობს სიამოვნებას მოხმარებისაგან, მაშინ, როცა ხარბი არასოდეს არაა კმაყოფილი და მოკლებულია  მოხმარებულ სიკეთეთაგან სიამოვნებას. ამიტომ რელიგია მოუწოდებს:  ,,დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ’’ (წმინდა მამები). ასევე ,,არ უნდა ისურვო ისეთი რამ, რომელსაც ვერ მოიხმარ და  რომლის მუდმივ ფლობასაც ვერ შეძლებ“(წმინდა ნილოს სინელი). სიხარბე იმ მხრივაცაა საზიანო, რომ იგი ადამიანებს ბოროტი და ამორალური საქმეებისაკენ მოუხმობს სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით[1].

მაშასადამე, ქრისტიანული შეგონებები ადამიანებს მოუწოდებს  ზნეობრივი სიწმინდისაკენ, რაც მათი კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. ამ შეგონებათა შესრულება მათ იცავს არა მარტო სულიერი შფოთისა და დეგრადაციისაგან, არამედ ურთიერთშორის დაპირისპირების, სიძულვილის და სხვა უკეთურობებისაგან, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებისაგან.

საბაზრო ეკონომიკაში, სადაც საკუთარი კეთილდღეობისათვის ადამიანები  არაფერს ერიდებიან და დიდია მათი ლტოლვა სიმდიდრისაკენ, სადაც  ცხოვრებისეული მოვლენები და ურთიერთობები ერთმანეთთან რთულად არის გადაჯაჭვული, საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვის პროცესში ,,ზნეობრივი ეკონომიკის’’ ჩამოყალიბება და ქრისტიანული მორალის წესების დაცვა, ამორალური საქმიანობის აღკვეთა,  მნიშვნელოვანი პრობლემაა. აქ უფრო ხშირია ადამიანთა დაბნეულობა, იძულებითი გადახრები მათი მიდრეკილების საწინააღმდეგოდ მატერიალური სარფის მიღებისაკენ, ვიდრე სხვა გარემოში. ეკონომიკური დოვლათი, მის სარგებლიანობასთან ერთად, ატარებს მაცდურობის, ფსევდოკეთილდღეობით, ფსევდობედნიერებით ადამიანთა გატაცების წინამძღვრებს, უბიძგებს მერყევ და ხარბ  ადამიანებს არაეთიკური, არასამართლებრივი ქცევისაკენ, რომელიც ეწინააღმდეგება რელიგიის, რწმენის, ასევე საკაცობრიო მორალურ იმპერატივებს.

დღევანდელი სინამდვილე, რომ არაფერი ვთქვათ წარსულზე, სავსეა ამგვარი ფაქტებით,  ზოგიერთი ოჯახის  წევრებიც კი, ქონების მოხვეჭის მიზნით, თავად უბიძგებენ  ერთმანეთს   ამორალური და  უკანონო საქმიანობისაკენ. შედეგად,   დიდია  ოჯახების ქონებრივი დიფერენციაცია,  ერთეული ოჯახები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ხოლო უმრავლესობა სიღატაკესა და  სიდუხჭირეშია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა ადამიანთა დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისაკენ შეუთავსდეს ზნეობრივ იმპერატივებს, სარწმუნოების მოთხოვნებს?

ჩვენი აზრით, ეს შესაძლებელია, ვინაიდან,  საზოგადოებაში რწმენის გაძლიერება ქმნის იმის საფუძველს, რომ ადამიანებმა იცხოვრონ და იმოქმედონ ზნეობრივად, მოხდეს მათი გაკეთილშობილება ცივილიზაციის, კულტურული და საერთო პროგრესის ზემოქმედებით.იყო მოეწმუნე ქრისტიანი - ეს ამასთანავე ნიშნავს იყო ზნეობრივი.

საზოგადოებისა და თითოეული  ოჯახის კეთილდღეობის საყრდენი უნდა გახდეს  კეთილი საწყისი,  მისი ზოგადი კულტურა, ინტელექტი, რაშიც დიდი როლი უნდა  შეასრულოს სარწმუნოებამ  ოჯახის ჭეშმარიტ ინტერესებსა და  ზნეობრივ პროგრესზე დაყრდნობით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მალაშხია გიორგი, მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია, თბ.,1995.
  2. ოჯახი  მიწიერი ბედნიერების ნავთსაყუდელი,საქართველოს საპატრიარქო, თბ., 2006.
  3. ხმალაძე  მერაბ, დემოგრაფია, თბ., თსუ., 2009 .
  4. საქართველოს  მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგები, თბ., 2016.


[1] გ. მალაშხია, მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია, გვ.102, თბ., 1995.